სიცარიელე..

არცერთი სიკვდილი არ ჰგავს მეორეს, როგორც სიცოცხლე და როგორც ადამიანი…ჩვენთვისაც განსხვავებულად გარდაიცვლებიან ადამიანები. ახლობელი ადამიანის დაკარგვისას ყოველთვის ხვდები სიკვდილს და დროებით მდინარის მეორე ნაპირზე (გაღმა) შენც გადადიხარ, საიდანაც გამოღმა ნაპირი სულ სხვანაირად მოჩანს… სხვა რიტმში ხარ, სხვა განცდებში, სხვა ემოციებში და იქიდან მობრუნებული ახლა აქეთ მხარეს აღიქვამ განსხვავებულად… უცებ ისეც ხდება, რომ უმნიშვნელო საგნები ფერს იძენენ, მოკაშკაშეებს კი ფერი ეკარგებათ… მოულოდნელად ხვდები, რომ ადამიანი სიცოცხლის დიდ ნაწილს, თუ მთელ სიცოცხლეს არა, სიყალბეს და სიყალბის ძიებას უძღვნის… არა მაქვს პასუხი კითხვაზე: რატომ…? იქნებ სიკვდილისგან შეშინებულები ათასგვარ თავშესაფარს ვეძებთ იმისათვის, რომ გავექცეთ იმას, რასაც ვერასდროს გავექცევით..ჩვენ არ ვიცით, როგორია სიკვდილი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილზე ფიქრი ”ადვილი არ არის”. იმის ხშირი გამეორებაც, რომ _ ”გახსოვდეს სიკვდილი”, სულაც არ არის სულისთვის საშველი… იქნებ პირიქითაც: გვახსოვდეს ისე, რომ დავივიწყოთ… საკუთარი თავიდან გაქცევა ალბათ სიკვდილის შიშიდან გაქცევაცაა. ხანდახან მეჩვენება, რომ ეს სამყარო საკუთარი თავიდან გაქცეულების თავშესაფარია და მანამდე ხარ ტყვე საკუთარი თავის, სანამ ”გაქცეული” ხარ საკუთარი თავიდან… პარადოქსია, თუმცა…

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑